გაკრეჭვა — კანაფის ზრდის და მიმართულების მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თუ გსურთ განსაზღვროთ მცენარის ზომა, ხელი შეუწყოთ გვერდითი ტოტების ზრდას, გადადოთ ყვავილობა ან გაზარდოთ მოსავლიანობა — ამ ყოველივეს განხორციელებაში გაკრეჭვა დაგეხმარებათ. შეიძლება არალოგიკურად მოგეჩვენოთ მცენარის ნაწილების მოჭრა, მაგრამ ფაქტია, რომ არაპროდუქტიული ტოტების შემოჭრით, თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ მცენარის ენერგია და რესურსი ხარისხიანი ყვავილედების განვითარებისთვის.
დეფოლაცია საკმაოდ მარტივი პროცესია. სტატიაში წარმოდგენილი რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ პროცესის სწორად წარმართვაში.
რისთვის არის საჭირო გაკრეჭვა?
დეფოლაცია — ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მცენარის ჯანსაღი ზრდის უზრუნველსაყოფად ხდება მცენარის ცალკეული ნაწილების მოჭრა. დეფოლაციის დროს ხდება დაზიანებული, არაპროდუქტიული და იმ ტოტების მოჭრა, რომლებიც ყვავილედებს უჩრდილავს მზეს.
მსგავსი წინაღობების მოშორება მცენარეს საშუალებას აძლევს მთელი თავისი ენერგია დარჩენილი ტოტების, ფოთლების და ყვავილედების გაძლიერებისა და კვებისთვის გამოიყენოს. წარმატებული გაკრეჭვა ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობასა და მცენარის სინათლით უზრუნველყოფას. მცენარე იზრდება ჯანმრთელი და ახდენს მკვრივი და კანაბინოიდებით გაჯერებული გირჩების ფორმირებას.
თეორიულად პროცესის პრინციპი არ ჩანს რთული, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. ზედმეტმა გაკრეჭვამ შეიძლება მცენარის ზრდასა და განვითარებას ზიანი მიაყენოს. დეფოლაციისას აუცილებელია სიფრთხილე. გადაჭარბებულმა შემოჭრამ შეიძლება ზედმეტად დასტრესოს და დაასუსტოს მცენარე, შესაბამისად შეამციროს მოსავლის რაოდენობა. სასიცოცხლო ციკლის არახელსაყრელ დროს გაკრეჭვის, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღეროების მოჭრისას, მცენარეს დიდი ზიანი მიადგება. ამ მიზეზების გამო, ხშირ შემთხვევაში ახალბედები გაურბიან დეფოლაციას, ზოგიერთი კი მინიმალური გაკრეჭვით შემოიფარგლება — აშორებს მხოლოდ გაყვითლებულ ან გამხმარ ფოთლებს.
როდის არის საჭირო დეფოლაცია?
გაკრეჭვა თითქმის ყოველთვის ვეგეტაციური ზრდის ფაზაში ხდება, მანამ, სანამ კანაფი მომწიფდება და მზად იქნება ყვავილობისთვის. დეფოლაციის პროცესამდე, მცენარე უნდა იყოს კარგად დაფესვიანებული, დაახლოებით 30 სმ. სიმაღლის. თუ გსურთ გაზარდოთ ხშირი, გაბუჩქული მცენარე, შეამცირეთ დეფოლაცია მინიმუმამდე.
ვეგეტაციური ზრდის ადრეულ ეტაპზე ჩატარებული დეფოლაცია არ იმოქმედებს მცენარის ყვავილობაზე. არ არის რეკომენდირებული ყვავილობასთან მიახლოებული, მომწიფებული მცენარეების გაკრეჭვა. ამ ეტაპზე შესაძლებელია ყვავილობამ დაიგვიანოს, ან მცენარემ სულ არ იყვავილოს. თუმცა, რიგ შემთხვევაში მებაღეს სურს ყვავილობის გადადება, ამისათვის სტრატეგიული გაკრეჭვა სასარგებლო ინსტრუმენტად გამოიყენება.
ყვავილობის დროს დეფოლაცია უნდა იყოს მსუბუქი. მსგავსი გაკრეჭვის ერთ ერთი მაგალითია — მარაოსებრი ფოთლების მოშორება, რომლებიც ჩრდილავენ ყვავილედების ჯანმრთელ ნაწილებს. დაზიანებული, დაავადებული ან მცენარის მკვდარი ქსოვილების მოშორება შესაძლებელია როგორც ვეგეტაციის, ასევე ყვავილობის ციკლის დროს. ყვითელი (ქლოროტიული) ან ყავისფერი ქსოვილი ხელს უწყობს ინვაზიური მიკროორგანიზმების და მავნებლების გაჩენას. მოაშორეთ მსგავსი ფოთლები, რათა ისინი არ დაცვივდეს და არ შეიწოვოს ნიადაგში.
როგორ გავკრიჭოთ?
დეფოლაციისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი: კარგად გალესილი სეკატორი. გამოცდილ გროვერებს სხვა და სხვა დონის შესაბამისი, რამოდენიმე ზომის მაკრატელი აქვთ.
მნიშვნელოვანია გაკრეჭვის წინ მაკრატლის სტერილიზაცია, რათა თავიდან ავირიდოთ მცენარეში მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრა. ადგილი, სადაც მოხდა მცენარის მოჭრა, სუსტ იმუნიტეტს ფლობს ინფექციების და დაავადებების მიმართ. ბასრ მაკრატელს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სუფთა და სწრაფი მოჭრისთვის, რაც ხელს უწყობს მცენარეს ძალების სწრაფად აღდგენაში და მას მინიმალურ ზიანს აყენებს.
მას შემდეგ, რაც თქვენი სეკატორი გალესილი და დეზინფიცირებულია, შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.
-
კენწეროს მოჭრა ან ღეროების პირველადი შემოჭრა
კანაფის მოყვანის ექსპერტის, რობერტ კონნელ კლარკის თქმით, ცენტრალური ღეროს დეფოლაცია გაკრეჭვის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ცენტრალურ ღეროს კენწეროს აჭრიან მაშინ, როდესაც მცენარე სასურველ სიმაღლეს აღწევს. ეს მეთოდი იძლევა გაბუჩქული, ხშირი მცენარეების მიღების საშუალებას.
გადაჭრის ადგილის ქვევით წარმოიქმნება ახალი გვერდითი ტოტები. იცვლება მცენარის ზრდის ტრაექტორია.
-
დიდი ტოტების და ფოთლების მოჭრა
შედარებით დიდი ტოტებისა და ფოთლების მოჭრა, თავისუფალი სივრცის შექმნის ხარჯზე, ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას. ის ასევე მცენარეს აძლევს საშუალებას მიიღოს მეტი სინათლე. კარგად გამოხშირეთ მცენარე ღეროსთან ახლოს, მოჭერით ტოტები 45 გრადუსის კუთხით. მსხვილი ტოტების მოჭრის შემდეგ მარტივია შედარებით მცირე დეტალების დეფოლაცია.
-
გათვალეთ სივრცე მცენარის შუა ნაწილის გარშემო
ტოტები, რომლებიც მცენარის შუა ნაწილში იზრდება, კენწეროში მდებარე ტოტებთან შედარებით სუსტია. ნუ დაინანებთ დროს ცენტრალური ღეროს გარშემო სივრცის გასათავისუფლებლად.
-
ქვედა ტოტების დეფოლაცია
ძალიან პატარა ტოტები იზრდება მცენარის ქვედა ნაწილში, მათ აქვთ მიდრეკილება ატროფიისადმი. მსგავსი ტოტების მოშორება საშუალებას მოგცემთ მიმართოთ ენერგია ზედა ტოტების, ფოთლებისა და კვირტებისაკენ. ქვედა ნაწილში ხდება ჰაერის ძლიერი ცირკულაცია, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ობის წარმოქმნის რისკი. ამ მეთოდს ხშირად ჯოხიანი კანფეტის ტექნიკას უწოდებენ, მცენარე ლოლიპოპს ემსგავსება: ზედა ნაწილში გაბუჩქულია, ქვედა ნაწილში კი თხელი და წვრილი.
-
უპერსპექტივო ტოტებისა და ფოთლების მოჭრა
მოაშორეთ ყვითელი, ყავისფერი და დაავადებული ქსოვილები. მოჭერით ყველა ფოთოლი, რომელსაც აქვს მოშორებული განშტოებები. მოაშორეთ დაჩრდილული კვირტები. კვირტების არახელსაყრელი მდებარეობა ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი განათება და შესაძლებელია განიცდიდნენ საკვები ნივთიერებების დეფიციტს.
-
მიეცით მცენარეს დრო აღდგენისათვის
გაკრეჭვა იწვევს მცენარის სტრესს, ამიტომ დრო მათი ძალების აღდგენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შოკის შემდეგ აღდგენის პროცესის შესამსუბუქებლად, დარწმუნდით, რომ უზრუნველყოფთ მას წყლის, სინათლის და საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობით. ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს ახალი ფოთლებისა და ტოტების ზრდა. დეფოლაციის გამეორება შეგიძლიათ მცენარის აღდგენისთანავე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ზედმეტი გაკრეჭვა გახლავთ სტრესის სერიოზული ფაქტორი და მას შეუძლია ზრდისა და გირჩების განვითარების შეფერხება.
გაკრეჭვის სხვა მეთოდები, რომლებსაც იყენებენ მწარმოებლები, მოიცავს FIM, ტოპინგს და სუპერკროპინგს. ამ მეთოდების გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე, რადგან ისინი ძლიერ სტრესს იწვევენ.